განათლება და მეცნიერება
უნივერსიტეტი, რომელიც ცოდნის, კვლევისა და განვითარების სივრცეს ქმნის
განათლება&მეცნიერება
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი
2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო პიკნიკს, რომლის მიზანი და ამოცანა მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე მიღწევების სახალისო ფორმით წარმოჩენაა.
პიკნიკზე ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები ილიაუნის ეზოში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით–გასართობ პროგრამებს წარმოადგენენ.
ექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოადგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს.
სამეცნიერო პიკნიკით შესაძლებელია წვლილის შეტანა გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულებაში.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: Sciencepicnic.iliauni.edu.ge
ილიას გზით განათლებისთვის
ილიაუნის განათლების ფესტივალი ილიას გზით განათლებისთვის არის საგანმანათლებლო-შემეცნებით მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში, რომლის მთავარი მისიაა სხვადასხვა კვლევითი ცენტრის წარმომადგენლების, პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცენ სპეციალურად მოწყობილ კარვებში და ღია ლაბორატორიებში ჩაატარონ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნონ მეცნიერებას. ფესტივალის თანამგზავრია ილიაუნის ჰუმანოიდი რობოტი – ატომი. უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმომადგენლები დაინტერესებულ ახალგაზრდებს აცნობენ როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები.
საგამოფენო კარვებში წარმოდგენილია:
- ქიმიური ბიოლოგიის სივრცე
- ეკოლოგიის სივრცე
- გეოლოგიის სივრცე
- ასტროფიზიკის სივრცე
- სხვადასხვა კონკურსები და ინტერაქციული აქტივობები
- თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცე
- პლანეტარიუმი
- მასტერკლასები და ვორკშოპები თანამედროვე ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო მიმართულებით.
ილიაუნის კვლევითი ბაზები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი
შესახებ
მსოფლიოში სულ რამდენიმე მაღალმთის კვლევითი ცენტრია (მაგალითად ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში), რომლებიც მრავალი ათეული წელია უწყვეტად საქმიანობენ. მათ შორისაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი. ამ ცენტრების სამეცნიერო კვლევები განსაკუთრებით ფასეულია ხანგრძლივი მონიტორინგისა და შედარებითი ანალიზის მხრივ. ყაზბეგის რეგიონი, რომელიც ცენტრალური კავკასიონის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მდებარეობს, ბოტანიკური და ეკოლოგიური კვლევების ტრადიციული სამოდელო ობიექტია. მისი ბოტანიკური კვლევა ჯერ კიდევ 1770 წელს დაიწყო ცნობილი შვეიცარიელი ნატურალისტის ჟ. გულდენშტადტის მიერ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დაარსებამდე (1933 წ.), კერძოდ, 1928 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ანა ხარაძის ხელმძღვანელობით დაიწყო ყაზბეგის რეგიონის მაღალმთის ფლორის სისტემატური კვლევა (აგრობოტანიკური დარუკება, ჰერბარიუმის შექმნა, ახალ სახეობათა აღწერა, ფლორისტულ ნუსხაზე მუშაობა). 1969 წლიდან აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ინიციატივით მწყობრში ჩადგა ყაზბეგის მაღალმთის ეკოლოგიური სადგური. მის ბაზაზე მიმდინარე კვლევები განსაკუთრებით გააქტიურდა და გაღრმავდა ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტთან მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგად. სწორედ ამ პერიოდში, 70-იანი წლების ბოლოდან 90-იან წლებამდე, პროფესორ გია ნახუცრიშვილის ხელმძღვანელობითა და ავსტრიელი კოლეგების ქმედითი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ქართული მაღალმთის ეკოლოგიური სკოლა და კვლევებმა საერთაშორისო ხასიათი და აღიარება მიიღო.
გაიმართა არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და სამუშაო შეხვედრა, განხორციელდა ბოტანიკური ექსპედიციები და ეკოლოგიური პროექტები, გამოქვეყნდა სტატიები და დაიბეჭდა წიგნები. 1994 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის (BMZ) მიერ უკვე მოძველებული შენობის საფუძვლიანი რეკონსტრუქციის შედეგად დაარსდა ყაზბეგის ეკოლოგიური განათლების რეგიონული ცენტრი. 2007 წლიდან ყაზბეგის მაღალმთის ეკოლოგიური სადგური ბოტანიკის ინსტიტუტთან ერთად შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი.
საქმიანობის სფეროები
სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტში ფიტოეკოლოგიურ კვლევები 2007 წლიდან ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამით. მაღალმთის ეკოსისტემების კვლევა გლობალური მეცნიერული და პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამიტომ საქართველოს მაღალმთის ეკოსისტემების კომპლექსური კვლევა ყველა აქტუალური მიმართულებით ხორციელდება:
მცენარეთა სახეობებისა და ეკოსისტემების მრავალფეროვნების შესწავლა;
მცენარეული თანასაზოგადოების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის კვლევა;
მაღალმთის მცენარეულ თანასაზოგადოებებზე ანთროპოგენური ზემოქმედების შესწავლა;
კლიმატის ცვლილების ეკოლოგიური პერსპექტივების გამოვლენა;
მაღალმთის მცენარეული რესურსების დადგენა;
მთის ლანდშაფტების გამოყენების ეკოლოგიური ექსპერტიზა;
ეკოსისტემების დაცვა-აღდგენითი ღონისძიებებისა და მდგრადი მენეჯმენტის მეცნიერული საფუძვლების შემუშავება;
სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროექტების განხორციელება;
ზოგიერთი სასწავლო კურსით გათვალისწინებული საველე მეთოდების ათვისების ბაზა (როგორც ერთგვარი ბუნებრივი ეკოლოგიური ლაბორატორია);
საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებისა და ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა;
სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობა.
დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა
შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მდებარე ბაზა უნიკალურია როგორც კვლევებისათვის, ისე სტუდენტური საველე პრაქტიკისთვის. ბაზაზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებები და კვლევითი პროექტებია:
1-13.03.2011 − მეცნიერებისა და ხელოვნების და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის გაიმართა კავკასიოლოგიური სასწავლო პრაქტიკული სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მონრეალისა (კანადა) და იენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროფესორმა კევინ თუითმა;
9-11.03.2012 − ილიაუნის, იენის (გერმანია) უნივერსიტეტისა და კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა;
12.09.-10.10.2017; 28.08.-22.09. 2018 − ერთობლივი ქართულ-გერმანული საველე-არქეოლოგიური ექსპედიცია ნაზარლების ნაქალაქარზე;
30.07.-21.09. 2021 − ერთობლივი ქართულ-გერმანული საველე-არქეოლოგიური ექსპედიცია სამრეკლოსა და ნაზარლების ნაქალაქარებზე;
01.08.-02.10 2022 − ერთობლივი ქართულ-გერმანული საველე-არქეოლოგიური და კამერალური სამუშაოები სამრეკლოსა და ნაზარლების ნაქალაქარებზე მოპოვებულ არტეფაქტებზე.
ბაზის ძირითადი დანიშნულება
საველე პრაქტიკები და ექსპედიციები – ბაზა სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით ბიოლოგიის, ეკოლოგიის, გეოგრაფიისა და არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის, ხელსაყრელ გარემოს ქმნის საველე პრაქტიკის ჩასატარებლად. აქ მათ შეუძლიათ პრაქტიკული უნარების გაღრმავება და მონაცემთა შეგროვება ბუნებრივ პირობებში. სამეცნიერო კვლევები – ბაზა გამოიყენება ბუნებრივ გარემოსთან, ბიომრავალფეროვნებასთან, კლიმატურ ცვლილებებსა და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის.
საგანმანათლებლო და სასწავლო ბანაკები – ხშირად ეწყობა საზაფხულო სკოლები, ტრენინგები და ინტერდისციპლინური ბანაკები, რაც ხელს უწყობს სტუდენტების, მკვლევრებისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობას. რეგიონული განვითარება და ჩართულობა – ბაზა ერთგვარად ემსახურება რეგიონის, როგორც საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის განვითარებას, რომელიც თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ბაზა პლატფორმაა საერთაშორისო პროექტებისთვისაც. ხშირად მასპინძლობენ უცხოელ მკვლევრებს, სტუდენტებსა და ექსპედიციებს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო ქსელში.
გრიგოლეთის საზღვაო კვლევითი ბაზა
შესახებ
ილიაუნის გრიგოლეთის საზღვაო კვლევითი ბაზა მდებარეობს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. აქვს კარგი მდებარეობა ხმელეთის და საზღვაო ეკოსისტემების ურთიერთკავშირის გამოსაკვლევად. მკვლევრებს აქ შეუძლიათ შეისწავლონ შემდეგი მიმართულებები: ნალექის ტრანსპორტირება, სანაპირო ზოლის ეროზია და ადამიანის საქმიანობის ზემოქმედება სანაპირო ზონებზე.
ბაზაზე განხორციელებული პროექტები
ფრინველის გრიპის ვირუსის კავშირების და დინამიკის შესწავლა საარსებო გარემოში და ფრინველებში“ − ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო ვეტერინარული კოლეჯის მიერ დაფინანსებული პროექტი.
„აღმოსავლეთ შავი ზღვის (საქართველო) აუზში, გარეულ ფრინველებში ფრინველის გრიპის შესწავლა“ (SENTINEL Birds) − EFSA-ის დაფინანსებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ლინეუსის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი;
„ხმელთაშუა და შავი ზღვის სამიგრაციო მარშრუტი: ფრინველის ზოონოზური ინფექციური დაავადებების, ტრანსსასაზღვრო დეტერმინანტები – ფრინველების ზოონოზური დაავადებების ქსელი (AZDN))“ – ილიას უნივერსიტეტსა და CRDF GLOBAL-ს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება;
„საქართველოში გარეულ ფრინველებში მოცირკულირე პარამიქსოვირუსების (APMV’s) ეკოლოგიისა და ევოლუციის კვლევა“ – სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ვეშაპისნაირების ვიზუალური და აკუსტიკური მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში;
შავი ზღვის მოწყვეტილი ბადეები: შავი ზღვის ჩუმი მკვლელების განადგურება. BlackNETs “Exorcising the BLACK Sea’S Silent Killers” − შავი ზღვის აუზის ინტერრეგიონული პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერითა და შავი ზღვის აუზის ოთხი ქვეყნის (რუმინეთი, თურქეთი, ბულგარეთი, საქართველო) მონაწილეობით. პროექტი დაფინანსებულია Interreg NEXT Black Sea Basin მიერ;
“CABOL”-ის პროექტისთვის მასალის შეგროვებისას სტუდენტები და მეცნიერები დაბანაკებულნი იყვნენ გრიგოლეთის საზღვაო სადგურში.
2024 წელს უნივერსიტეტში დაარსდა ლაიბნიცის კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს გერმანიის ბიომრავალფეროვნების ცვლილების ლაიბნიცის ინსტიტუტთან (LIB) და რომლის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით კავკასიისა და შავი ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლას, ასევე რეგიონის ეკოსისტემის რესურსების მდგრად გამოყენებას. სამეცნიერო გემმა ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს.
ბაკურიანის კვლევითი ბაზა
შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკურიანის კვლევითი ბაზა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეს. ბაზა მდებარეობს ბაკურიანის უნიკალურ ბუნებრივ გარემოში, რაც იდეალურ პირობებს ქმნის როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი კვლევებისთვის. კვლევითი ბაზის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბოტანიკური ბაღი, რაც უზრუნველყოფს გააერთიანოს მეცნიერება, განათლება და ბუნების როგორც აკადემიური, ისე ფართო საზოგადოებისათვის.
ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღის ცოცხალი კოლექციები, ბაღის მდებარეობა, მისი გარემომცველი ლანდშაფტები და მდიდარი ბიომრავალფეროვნება ქმნის საუკეთესო გარემოს ახალგაზრდა მკვლევართა აღზრდისათვის. ბაღი ემსახურება როგორც სამეცნიერო მიზნებს, ისე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ფუნქციებს. იგი მნიშვნელოვანი სივრცეა სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ბუნებით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის, სადაც შესაძლებელია მცენარეთა მრავალფეროვნების გაცნობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტუდენტური კლუბი
კლუბი გათვლილია როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ისე ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც მეცნიერება აინტერესებს. კლუბი ქმნის სივრცეს, რომელშიც ილიაუნის სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პოპულარიზაციის პროცესში და შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება.
კლუბის მიზნები
- საჯარო ლექციებისა და ღონისძიებების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას;
- საგანმანათლებლო–პოპულარული ვიდეომასალის შექმნა და გავრცელება სტუდენტებს შორის.
- პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა მოყვარულ მეცნიერთათვის.
ძირითადი პროექტები
- ღონისძიებები მოეწყობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
- ღიაა ილიაუნის ყველა იმ სტუდენტისათვის, ვინც დაინტერესებულია მეცნიერებით.
კლუბის მიზნები
- საჯარო ლექციებისა და ღონისძიებების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას;
- საგანმანათლებლო–პოპულარული ვიდეომასალის შექმნა და გავრცელება სტუდენტებს შორის.
- პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა მოყვარულ მეცნიერთათვის.
ძირითადი პროექტები
- ღონისძიებები მოეწყობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
- ღიაა ილიაუნის ყველა იმ სტუდენტისათვის, ვინც დაინტერესებულია მეცნიერებით.
მათემატიკის სტუდენტური კლუბი
ილიაუნის მათემატიკის კლუბი დაარსდა 2025 წელს. ის ავითარებს სტუდენტთა ანალიტიკური აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარებს (აზროვნებისა და ლიგიკური მსჯელობის უნარების განვითარება მიზანია). კლუბი უზრუნველყოფს მათემატიკის სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანებასა და დაკავშირებას. კლუბი ემსახურება სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას მათემატიკის პოპულარიზაციითა და კოლაბორაციული სივრცის შექმნით.
კლუბის მიზნები:
- მათემატიკით დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანება;
- სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება;
- მათემატიკური კონკურსებისა და ოლიმპიადების ჩატარება;
- მრავალფეროვანისაჯარო ლექციების გამართვა
- საგანმანათლებლო კვირეულების მოწყობა.
ახალი წევრების მიღების პირობები:
- კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ილიაუნის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებს;
- კლუბში გაწევრიანების მსურველებმა კლუბის Facebook გვერდზე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
https://www.facebook.com/profile.php?id=61578358360876
Nikoloz.sanikidze.1@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გემი „წმინდა ილია“
კვლევითი გემი „წმინდა ილია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მფლობელობაშია. ეს სპეციალიზებული კვლევითი ხომალდი შექმნილია წყლის გარემოს უნიკალური მახასიათებლების შესასწავლად, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის მისიის მხარდასაჭერად, რაც იძლევა ინოვაციური კვლევების განხორციელების საშუალებას საზღვაო მეცნიერებაში გარემოს მონიტორინგისა და ოკეანოგრაფიული მიმართულებით.
დანიშნულება და ფუნქციონირება
გემის უპირველესი ფუნქციაა მოემსახუროს მკვლევრებს როგორც მცურავი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია საზღვაო და სანაპირო გარემოს სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო აღჭურვილობით. იგი ხელს უწყობს შავი ზღვისა და წყლის სხვა ობიექტების რთული ეკოსისტემების შესწავლას და ფოკუსირებულია ბიომრავალფეროვნებაზე, წყლის ქიმიასა და გეოფიზიკურ პროცესებზე.
ძირითადი ფუნქციები და შესაძლებლობები:
- ღვის ფსკერის რუკა: ჰიდროაკუსტიკური სისტემები იძლევა დეტალურ ინფორმაციას წყალქვეშა რელიეფისა და ეკოლოგიური ჰაბიტატების შესახებ;
- საზღვაო ბიოლოგია: საბორტო ლაბორატორიები ემსახურება შეგროვებული საზღვაო ცხოველების დაუყოვნებლივ შესწავლას და შესაძლებელს ხდის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის ჯანმრთელობაზე რეალურ დროში დაკვირვებას;
- წყლის ხარისხის ანალიზი: სინჯის აღების მოწყობილობა აფასებს მარილიანობას, ტემპერატურას და დამაბინძურებლებს გარემოს ცვლილებებზე დასაკვირვებლად;
- ნალექი და გეოლოგიური კვლევები: დანალექი ფენებისა და სანაპირო გეოდინამიკის შესწავლის ინსტრუმენტები ხელს უწყობს ისტორიული და თანამედროვე გეოლოგიური პროცესების გაგებას;
გემი „წმინდა ილია“ თავისი ფუნქციებითა და აღჭურვილობით მხარს უჭერს სხვადასხვა კვლევით სფეროს, მათ შორის თევზჭერის მართვას, ოკეანოგრაფიულ კვლევებსა და კლიმატის ცვლილების მონიტორინგს. ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებს შორის.
„წმინდა ილია“ არა მხოლოდ კვლევითი გემია, არამედ საგანმანათლებლო პლატფორმაც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მას იყენებს საზღვაო მეცნიერებებისა და მათთან დაკავშირებული დარგების სტუდენტებისთვის პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველსაყოფად. საველე სამუშაოებითა და პრაქტიკული გამოცდილებით ისინი იძენენ კრიტიკულ უნარებს კვლევის მეთოდოლოგიასა და მონაცემთა შეგროვების ტექნიკაში.
გემის გამოყენებით განხორციელებული პროექტები:
- წლების განმავლობაში ვეშაპისნაირთა პოპულაციების მონიტორინგი. მას აფინანსებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ეკოლოგიის ინსტიტუტი;
- მოზამთრე ფრინველების აღრიცხვა;
- შავი ზღვის მოწყვეტილი ბადეები: შავი ზღვის ჩუმი მკვლელების განადგურება. BlackNETs “Exorcising the BLACK Sea’S Silent Killers” EU (Intereg NEXT Black Sea Basin) − შავი ზღვის აუზის ინტერრეგიონული პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით და შავი ზღვის აუზის ოთხი ქვეყნის (რუმინეთი, თურქეთი, ბულგარეთი, საქართველო) მონაწილეობით;
- წყალქვეშა ჰაბიტატების კვლევა (დააფინანსა GIZ-მა).