სამართალი და საზოგადოება
უნივერსიტეტი, რომელიც ცოდნის, კვლევისა და განვითარების სივრცეს ქმნის
სამართლის სკოლის კლინიკა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა 2018 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერითა და ნორთვესტერნის უნივერსიტეტთან (ილინოისის შტატი, აშშ) თანამშრომლობის ფარგლებში დაფუძნდა. ადამიანის უფლებათა კლინიკა კლინიკური იურიდიული განათლების ამერიკული მოდელის მიხედვით ფუნქციონირებს და წარმოებული საქმეების წარმატებისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კლინიკებს შორის ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კლინიკად მიიჩნევა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკა უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ პირებს, რომელთა მიმართაც განხორციელდა სხვადასხვა სახის უფლებადარღვევა, მათ შორის დისკრიმინაციის ან/და ძალადობის მსხვერპლ მოქალაქეებს, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს. საქმეების წარმოების გარდა, კლინიკას სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტის, მათ შორის სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აკრძალვის, სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და პრევენციის დოკუმენტების მომზადების გამოცდილებაც აქვს. ადამიანის უფლებათა კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვა წარმოადგენს, რაც კლინიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნებისთვის კლინიკა იყენებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე არსებულ სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ორგანოებისთვის ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენას. საქართველოში კლინიკური იურიდიული განათლების ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის/დანერგვისთვის, ადამიანის უფლებათა კლინიკა მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო და კლინიკური იურიდული განათლების კონფერენციებში. კლინიკა ასევე წარმოადგენს კლინიკური იურიდიული განათლების ევროპული ქსელის (ENCLE) წევრს.
ადამიანის უფლებათა კლინიკის მიზანს წარმოადგენს სწავლების გამოცდილებით/პრაქტიკულ მიდგომაზე დაყრდნობით სტუდენტების პროფესიული და კვლევითი უნარების გაღრმავება, სამართლებრივი და აკადემიური წერის სტანდარტების განვითარება, კრიტიკული აზროვნებისა და იმ ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც ადამიანის უფლებათა სპეციალისტებისთვის აუცილებელია. ადამიანის უფლებათა კლინიკური კურსი ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის 6 (ECTS) კრედიტიანი, ხოლო მაგისტრანტებისთვის – 18 (ECTS) კრედიტიანია.
ადამიანის უფლებათა კლინიკის საქმიანობის ფარგლებში სამართლის სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურების სტუდენტები კვალიფიციური იურისტების სუპერვიზიის ქვეშ გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ამზადებენ როგორც სტრატეგიულ და კვლევით, ასევე იურიდიულ დოკუმენტებს (განცხადება, სარჩელი, საჩივარი), აწარმოებენ საქმეებს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, სახალხო დამცველის აპარატში, შრომის ინსპექციაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და სხვ., მონაწილეობას იღებენ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადებაში.
ადამიანის უფლებათა კლინიკა წლის განმავლობაში 50-მდე საქმეს აწარმოებს, რომლებიც მოიცავს სამართლის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, სექსუალურ შევიწროებას/შევიწროებას, მაუწყებლობისა და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვას, ჯანმრთელობისა და განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობას, შრომითი უფლებების დაცვას, დაზღვევის სამართალს, ქალთა რეპროდუქციულ უფლებებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სხვ.
კლინიკის მიერ წლის განმავლობაში წარმოებულ საქმეებში წარმატებით დასრულებული საქმეების ხვედრითი წილი მაღალია (70%-ზე მეტი), რომელთა შორისაც აღსანიშნავია სადაზღვევო ანაზღაურების, მაუწყებლობის ეთიკური პრინციპების დარღვევის, სექსუალური შევიწროების, სქესის და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევის საქმეები.
საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტური კლუბი
კლუბის შესახებ
საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტური კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხელს უწყობს პროექტების ორგანიზების, კრიტიკულად აზროვნების, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაში და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულთ შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და საერთაშორისო ურთიერთობათა შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
კლუბის მიზნები
- სხვადასხვა პროექტის ორგანიზება საერთაშორისო ურთიერთობების თემატიკაზე
- კლუბის თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტთა თავმოყრა
- სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება
- საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება
კლუბის წევრად მიღების პირობები
კლუბში გაწევრიანების მსურველი სტუდენტი უნდა დაგვიკავშირდეს ელექტრონულ ფოსტაზე, რომელზეც გავუგზავნით სარეგისტრაციო ფორმას. ფორმაში არის სამოტივაციო წერილის გრაფა, რომელშიც უნდა ჩაწეროს, რატომ სურს კლუბში გაწევრიანება.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
irstuclub@iliauni.edu.ge
სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბი
კლუბის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბი, რომელიც 2016 წლის 17 ნოემბერს დააარსეს ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებმა. კლუბის ძირითადი პროექტები სამართლის სკოლის სტუდენტებისთვისაა, თუმცა შეძლებისდაგვარად მოიცავს ილიაუნის ყველა ფაკულტეტის სხვადასხვა სფეროს.
კლუბის მიზანია:
- რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისცეს საშუალება, ჩაერთოს კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
- უკეთესად დაგეგმოს საკუთარი აქტიური სტუდენტური ცხოვრება;
- ხელი შეუწყოს სტუდენტებს როგორც პროფესიული, ისე ზოგადი განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში;
- სტუდენტური კლუბი ასევე თანამშრომლობს სკოლის მოსწავლეებთან და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებით ხელს უწყობს უნივერსიტეტის პოპულარიზაციას.
კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- საჯარო ლექციები – ლექციების თემატიკა მრავალფეროვანია, რაც თავისთავად ზრდის დაინტერესებულ სტუდენტთა რაოდენობას და მათ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე;
- ფილმის ჩვენება,რაც მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების პროცესში და მიმართულია სხვადასხვა პრაქტიკის, სოციუმში არსებული პრობლემების, ფილმად ქცეული აქტუალური საკითხების უკეთესად გააზრებისაკენ. ფილმის ჩვენების შემდეგ იმართება დისკუსია;
- იმიტირებული სასამართლო პროცესები უზრუნველყოფს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკაშირეალიზებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას;
- ტრენინგები – სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია უშუალოდ დარგის ექსპერტებისგან მიიღონ;
- ინსტიტუციური ვიზიტები სხვადასხვა სტრუქტურაში (მაგ., საქართველოს მთავარ პროკურატურაში, უზენაეს სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზის ბიუროში, აუდიტის სამსახურში და ა. შ.);
- ინტელექტუალური თამაშები.
კლუბის პრეზიდენტი: ნინო ჯავახიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
students.epu@iliauni.edu.ge
ილიაუნის გენდერული თანასწორობის სტუდენტური კლუბი
კლუბის შესახებ
ილიაუნის გენდერული თანასწორობის სტუდენტური კლუბი დაარსდა 2023 წლის 23 ივნისს. კლუბის,სტუდენტური გაერთიანების, მიზანია ილიაუნის სტუდენტებში თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება, მათი ინფორმირება გენდერულ საკითხებსა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ. კლუბი აერთიანებს საერთო მიზნის მქონე მოტივირებულ სტუდენტებს, რომელთაც სურთ, სიღრმისეულად გაეცნონ და გააანალიზონ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები და გადადგან გარკვეული ნაბიჯები პრობლემების აღმოსაფხვრელად.
კლუბის ძირითადი ძირითადი მიმართულებები
- გენდერული თანასწორობის საკითხები
- გენდერული სტერეოტიპები
- ფემინიზმი
- ადამიანის უფლებები
კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს ღონისძიებებს:
- ტრენინგები
- დისკუსიები
- კინოჩვენებები
- საჯარო ლექციები
- გასვლითი აქტივობები
- შემეცნებითი კონკურსები და სხვ
საკონტაქტო ინფორმაცია:
პრეზიდენტი მარიანა მდინარაძე
ელფოსტა: iliauniequalityclub@gmail.com
ინკლუზიური განვითარების სტუდენტური კლუბი
კლუბის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინკლუზიური განვითარების კლუბი შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) სტუდენტების მხარდასაჭერად და უნივერსიტეტში ინკლუზიური გარემოს განვითარების ხელშესაწყობად.
კლუბის მიზნები
- შშმ სტუდენტების საჭიროებათა იდენტიფიცირება და მათი ინტერესების წარდგენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან;
- შშმ სტუდენტების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებათა ორგანიზება;
- შშმ სტუდენტების აკადემიური და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება.
კლუბის წევრობა გაძლევთ შესაძლებლობას
- შეიძინოთ ღირებული გამოცდილება ინკლუზიური განათლების სფეროში;
- განავითაროთ სხვადასხვა უნარი (ლიდერობა, კომუნიკაცია, პროექტების მართვა);
- გაიფართოოთ სოციალური ქსელი და გაიცნოთ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები;
- გახდეთ დადებითი ცვლილებების ნაწილი უნივერსიტეტში;
- მონაწილეობა მიიღოთ ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში.
კლუბის ღონისძიებები
- შშმ სტუდენტებთან რეგულარული შეხვედრების ორგანიზება მათ საჭიროებათა გამოსავლენად;
- საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები და ვორკშოპები უნივერსიტეტის თემის წევრებისთვის;
- შშმ სტუდენტების მხარდამჭერი ღონისძიებები;
- თანამშრომლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გარემოს გასაუმჯობესებლად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Mariam.dokhnadze.1@iliauni.edu.ge